მუხლი 6. ინფორმაციის გაცემა და მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.napr.gov.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს. სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული ასლები გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა გასაიდუმლოებული.
3. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვა.
