„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 12. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.
2. რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა.
3. ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს სამსახური.
4. სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით.
7. რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული; გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის აუდიტორი; ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით.
