საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდება

მუხლი 21. ეთიკის კომისიის შექმნა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

21.1. ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით.

21.2. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.3. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.4. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

21.5. ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს არა ადვოკატთა რიგებიდან.

21.6. ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალქე არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით, რომელიც არაა ნასამართლევი, სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და არის თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.

21.7. საერთო კრებაზე ეთიკის კომისიის 3 არა ადვოკატი წევრი კანდიდატების ნომინირება და არჩევა ხდება ეთიკის კომისიის სხვა ადვოკატი წევრებისაგან დამოუკიდებლად, ცალკე საარჩევნო სიის საფუძველზე. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ორგანოს წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი.

21.71. ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს (23.12.2018).

21.72. სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში (23.12.2018).

21.73. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს (23.12.2018).

21.8. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. ეთიკის კომისია ხელმძღვანელობს “ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით.

21.9. ეთიკის კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ (23.12.2018).

21.10. ეთიკის კომისია თავის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით წლის ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ (23.12.2018).

21.11. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზე შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

21.12. ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

21.13. ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

21.14. ეთიკის კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეული იქნას ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რომელიც ახორციელებს სხვა საქმიანობას, გარდა საადვოკატო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

21.15. ამოღებულია (24.10.2015).

21.16. ეთიკის კომისიის წევრებს არ ენიშნებათ ხელფასი ან სხვა კომპენსაცია.

21.17. ეთიკის კომისიის წარდგინებით ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს ეთიკის კომისიის აპარატს, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების საკითხს.

21.18. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, ახალი წევრის არჩევა ხდება რიგგარეშე ან მორიგი საერთო კრების მიერ იმ ვადით, რა ვადაც ჰქონდა დარჩენილი კომისიიდან გასულ წევრს (23.12.2018).

21.19. ეთიკის კომისია იკრიბება არჩევიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

21.20. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილება იწყება საერთო კრების მიერ არჩევიდან და წყდება “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ახალი წევრის არჩევისთანავე.

21.21. ეთიკის კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455821
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა