1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
2¹.პატიმრობის დაწესებულებაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2².გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/ მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
4.ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

