1.გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხან-მოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2.სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას.
3.სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.
4.გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5.თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6.მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.
7.პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.
8.თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.
9.პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
10.თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართ-ლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
11.თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

