1.პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა; ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების დაცვა; ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით; ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი; თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი; ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება; კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა; ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია; მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები; ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში; ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას; პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები; ჟ) იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება ეწეოდეს მსჯავრდებული; რ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი.
2.პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.
3.სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.
4.ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა პენიტენციურ დაწესებულებას ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

