თავშესაფარი საქართველოში: ვის შეუძლია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა?

ზოგჯერ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ბრუნდება არა იმიტომ, რომ უბრალოდ უკეთესი ცხოვრება სურს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება მისთვის რეალურად საშიშია.
საქართველოში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მას ემუქრება დევნა, დაკავება, წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიცოცხლის ან თავისუფლების საფრთხე, ან სხვა სერიოზული ზიანი.
საფრთხე შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგალითად, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიას, ეროვნებას, ეთნიკურ კუთვნილებას, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებას, ომს, ძალადობას ან სხვა მძიმე გარემოებებს წარმოშობის ქვეყანაში.
საქართველოში საერთაშორისო დაცვა შეიძლება მოიცავდეს ლტოლვილის სტატუსს, დამატებით დაცვას ან დროებით დაცვას.
საერთაშორისო დაცვის საკითხებს განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.
მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის ქ. №16
ცხელი ხაზი საერთაშორისო დაცვის საკითხებზე: (+995 32) 241 87 30
უკანონო მიგრაციის საკითხები: (+995 32) 241 96 07
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა საქართველოში თავისუფალი ფორმით „ნებისმიერ უწყებაში“ არ ხდება. ზოგადი წესით, იგი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორის საზღვარზე ან პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევები, ასევე გაძევების ან ექსტრადიციის პროცედურის მიმდინარეობისას სპეციალური წესები.
თავშესაფრის საქმეში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კონკრეტულად ახსნას:
რატომ ეშინია დაბრუნების;
ვისგან ან რისგან ემუქრება საფრთხე;
რატომ ვერ იცავს მას საკუთარი სახელმწიფო;
რა შეიძლება მოხდეს დაბრუნების შემთხვევაში;
აქვს თუ არა დოკუმენტები, შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, სამედიცინო ცნობები ან სხვა მტკიცებულებები.
ზოგჯერ ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება, რომ მის ისტორიაში სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებებია. მაგალითად, ის შეიძლება საუბრობდეს მუქარაზე, ზეწოლაზე, პოლიტიკური აქტივობის გამო პრობლემებზე, ოჯახურ ძალადობაზე, რელიგიური ნიშნით დევნაზე ან სხვა საფრთხეზე, მაგრამ ვერ აყალიბებდეს ამ გარემოებებს ისე, როგორც თავშესაფრის პროცედურაშია საჭირო.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განცხადება და შემდგომი განმარტებები იყოს მკაფიო, თანმიმდევრული და მტკიცებულებებით გამყარებული, რამდენადაც ეს კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია.
საერთაშორისო დაცვის საკითხები საქართველოში ძირითადად რეგულირდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თუ პირს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, მას აქვს უფლება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. ასეთ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემოწმდეს, სწორად შეფასდა თუ არა საფრთხე, ჩატარდა თუ არა პროცედურა სამართლიანად და ხომ არ ირღვევა არგაძევების პრინციპი.
მნიშვნელოვანია: თავშესაფრის საქმეები სასამართლოში მხოლოდ ორ ინსტანციაში განიხილება. პირველი ინსტანციის შემდეგ შესაძლებელია სააპელაციო საჩივრის შეტანა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. ამიტომ ასეთ საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოზიცია თავიდანვე სწორად მომზადდეს ფაქტებით, მტკიცებულებებით და სამართლებრივი არგუმენტებით.
თავშესაფრის მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი იმ ადამიანებისთვის, ვისი დაბრუნებაც საკუთარ ქვეყანაში შეიძლება საფრთხეს უკავშირდებოდეს.
ამასთან, ყველა საქმე ინდივიდუალურია და საჭიროებს სწორ სამართლებრივ შეფასებას.
სამართლებრივი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
დაუკავშირდით ავტორს
გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.
არ ხართ დარწმუნებული, სწორი სერვისია?
გვიამბეთ თქვენი სიტუაცია — ჩვენ სწორ მიმართულებას მოგცემთ.
