1.ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შემდეგ სიებში (თან ერთვის): ა) I სია – ნარკოტიკული საშუალებების კრებსითი ჩამონათვალი; ბ) II სია – მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი; გ) III სია - შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი; დ) IV სია – ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი; ე) V სია – პრეკურსორების ჩამონათვალი.
2.სიებს გაეროს კონვენციების მოთხოვნათა, ასევე ადგილობრივი ნარკოლოგიური და კრიმინალური სიტუაციის გათვალისწინებით შეიმუშავებს და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებებს ამზადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
3.სათანადო დასაბუთების შემთხვევაში სიებში ხდება ცვლილებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე ნივთიერების, მისი შემცველი მცენარის ან პრეპარატის დამატება, ერთი სიიდან მეორეში გადატანა ან ამოღება.
4.სიებში ცვლილებების შეტანის საფუძველია: ა) გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის ოფიციალური ინფორმაცია; ბ) რომელიმე ნივთიერების, მისი შემცველი მცენარის ან პრეპარატის ნარკოტიკული საშუალებისათვის ან ფსიქოტროპული ნივთიერებისათვის მიკუთვნების დასაბუთებული აუცილებლობა; გ) რომელიმე ნივთიერების, მისი შემცველი მცენარის ან პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ზრდის ტენდენციის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემები.
5.აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების, მისი შემცველი მცენარის ან პრეპარატის იმ სიაში გადატანა, რომელზედაც დაწესებულია ნაკლებად მკაცრი კონტროლი, ვიდრე ეს საერთაშორისო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული.
6.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეიტანება მათი საერთაშორისო არაპატენტირებული (გენერიკული) ან ქიმიური დასახელებებით, ასეთის არარსებობისას კი – სავაჭრო, სამეცნიერო ან საყოველთაოდ მიღებული დასახელებებით.
7.უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დასჯად ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.



