1.რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა.
2.უფლების რეგისტრაცია გულისხმობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის შეტანას სააღრიცხვო ბარათში. უფლების პირველადი რეგისტრაციისას ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი, ხოლო უფლების შემდგომი რეგისტრაციისას სააღრიცხვო ბარათში შეიტანება ახალი ჩანაწერი ან ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი.
3.უფლების რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა განცხადების რეგისტრაციის თარიღი.
4.სარეგისტრაციო ჩანაწერის წარმოება ხდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
5.საჯარო რეესტრში ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ისე, რომ ქაღალდის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ჩანაწერის კვალის მოსპობა. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს მჭიდროდ, რათა გამოირიცხოს ორ ჩანაწერს შორის სხვა ჩანაწერის შესაძლებლობა. რეესტრში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა. ჩანაწერი შეტანილ უნდა იყოს მკაფიოდ, რათა გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
6.ჩანაწერში სიტყვების შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველ-თაოდ მიღებული და ცნობილია ან შემოკლების შედეგად გაუგებარი არ ხდება სიტყვის ან/და წინადადების მნიშვნელობა.
7.სარეგისტრაციო დოკუმენტები დაერთვის სააღრიცხვო ბარათს და ინახება არქივში.
8.თუ სარეგისტრაციო დოკუმენტები და სააღრიცხვო ბარათი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, იგი უნდა იყოს აკინძული და ზონარგაყრილი. ამასთანავე, ზონარი ქაღალდით ისე უნდა იყოს დაწებებული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს რეგისტრატორის ბეჭედი და ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი – დოკუმენტის ფურცელზე.






