საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 48. ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები
1. ფონოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
2. ფონოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; ბ) (ამოღებულია). გ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ფონოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ფონოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
