1.მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64 1 მუხლის პირველი ნაწილით, 64 2 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 151 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3.საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5.სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვა (მათ შორის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა :
1.ამ მუხლის მე-5 ნაწილში მერქნიანი მცენარის (ხეტყის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
3.ამ თავის მიზნებისთვის მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2197 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5963 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №971 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.



