ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Статья 7. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებისათვის (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი).
2. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია: ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი; ბ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი; ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა; ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; ზ) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
