1.პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2.შემთავაზებელს ეკრძალება, განახორციელოს ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის მესაკუთრე გახდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) სატენდერო შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით; ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3.ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის წინადადება ან რეკომენდაცია სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4.სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის .
5.თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას , ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში , იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე . ეს მოთხოვნა ეხება იმ თანხმობებსაც , რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ , ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის მიხედვით .
6.თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას , იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს , რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე , მიუხედავად იმისა , მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ .
7.სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია : ა ) სატენდერო შეთავაზების გარდა , სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ , რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში ; ბ ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები .
8.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადებისა და განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების, აგრეთვე სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
9.ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.






