დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.
2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.
3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.
4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.
5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.
