Статья 43. ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები
1. გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით.
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.
