1.საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 1 1 . საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. 1 2 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით.
2.უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2 1 . იმ უცხოელზე, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მესამე სახელმწიფოს მიენდოს. საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით.
3.უცხოელს, რომელიც მესამე სახელმწიფოში იმყოფება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა აქვს. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას. 3 1 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება კომერციულ შუამავალს მიანდოს. კომერციული შუამავლის მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომერციულ შუამავალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4.გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა.
5.უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.
6.ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.
7.მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7 1 . მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ასევე შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის გაცემის შემთხვევაში.
8.გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9.საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი.
10.საქართველოს ვიზა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.



