Статья 69. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია
1. საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ დაცული არ არის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი, თანმხლები დოკუმენტები შესაბამის დარღვევაზე მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნდება დეკლარანტს.
3. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, დაბრუნებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
