1.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსებას/გადაყვანას.
2.მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
3.მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი თავის მიერ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე/შემუშავებული სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მსხვერპლის რეალურ საჭიროებებს, სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გაუთვალისწინებლად. თავშესაფრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსხვერპლს აღარ სურს თავშესაფარში აღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით დარჩენა. მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ საფრთხის არსებობისას თავშესაფრის ადმინისტრაცია მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში ამის თაობაზე აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
5.თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.






