1.მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა (განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა) შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
2.მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს სქესის შესაბამისი, ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის, როგორც ადამიანის, უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების (მათ შორის, მსხვერპლი ბავშვის) კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
3.მსხვერპლისთვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
4.მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც იგი მსხვერპლის მიერ აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების/მისი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ან მისთვის ამ მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. ეს კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული უარის თქმის საფუძვლებს და მისი დასაბუთების ვალდებულებას.






