1.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელშიც ინტენსიური თერაპიული მუშაობითა და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით შექმნილია ყველა პირობა მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და მხარდაჭერის მიზნების მისაღწევად. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნის პირობები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საოჯახო გარემოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლისთვის არსებულ გარემოსთან, ამ კანონით გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების მიზნების მიღწევის თავისებურებების გათვალისწინებით.
2.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისები, აგრეთვე საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები.
3.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დანერგილი უნდა იყოს სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამები.
4.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) მათი სქესის (მდედრობითი სქესისა და მამრობითი სქესის) გათვალისწინებით; ბ) განსხვავებული ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით; გ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე გამოკვეთილი მკვეთრად განსხვავებული სერვისის/პროგრამის განხორციელების საჭიროების გათვალისწინებით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ.
6.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე.
7.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სერვისი/პროგრამა, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა ექნება კანონთან კონფლიქტში მყოფ იმ არასრულწლოვანსაც, რომელიც გადამისამართებული არ იქნება არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში.
8.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
9.კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მისი ქცევისა და მის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, მისი მოტივირების მიზნით და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის, აგრეთვე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადამისამართების ვადის ამოწურვამდე შეიძლება მიეცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვოს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი.
10.მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრს უფლება აქვს, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან დადოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/ განესაზღვრებათ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო. კანონიერი წარმომადგენლის/კანონიერი წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს, ცალმხრივად გააუქმოს ეს ხელშეკრულება.
11.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დროებით დატოვების წესს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონახულების საათებსა და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
12.საქართველოს იუსტიციის მინისტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით განსაზღვრავს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა კანონიერი ინტერესების განხორციელებისა და დაცვის პირობებს.
13.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს.
14.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.





