1.გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა – გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით.
2.საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
3.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
4.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
5.საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
6.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
7.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, – გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით.
8.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, – გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.

