1.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
2.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
3.სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:
1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.
2.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .
3.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.
4.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით.
5.ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.





