მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 32
1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ პირთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).
2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი პარტიის საფინანსო დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.
