Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.
2.ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.
3.არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
4.საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.
5.თუ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონისმოთხოვნათა დარღვევა, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.
6.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ თავით ან/და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს.
7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
9.ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
10.ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
11.არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თავი IX. კენჭისყრა
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.