Статья 53. აქციონერთა უფლება-მოვალეობები
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება. 1 1 . ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს უფლება შეიძლება გაუქმდეს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების მიზეზი (მიზეზები). 1 2 . სააქციო საზოგადოებამ ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელ აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ დაზღვეული წერილით უნდა შეატყობინოს. სააქციო საზოგადოებამ დანარჩენ აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ უნდა შეატყობინოს დაზღვეული წერილით ან ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე ან „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებით. სააქციო საზოგადოებამ ამ უფლების გამოყენებისთვის აქციონერებს სულ მცირე 10-დღიანი ვადა უნდა მისცეს. ეს ვადა აითვლება შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ჩაბარების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე. 1 3 . ამ მუხლით დადგენილი წესები შესაბამისად მოქმედებს სააქციო საზოგადოების მიერ აქციებში კონვერტაციის ან აქციებზე გადაცვლის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე/სასესხო ვალდებულების აღებაზე, თუმცა არა ამ ფასიანი ქაღალდებიდან/სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე კონვერტაციის ან გადაცვლის უფლების გამოყენებაზე. 1 4 . თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს: ა) იმ აქციების მიმართ, რომლებიც გამოშვებულია საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს (საწარმოების) ხელმძღვანელ ორგანოთა წევრების, წარმომადგენლების, დასაქმებულების, დაკავშირებული პირების ანაზღაურების გაცემის მიზნით, მათ შორის, მათი კუთვნილი, აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებიდან ან ოფციონებიდან გამომდინარე უფლებების დასაკმაყოფილებლად. თუ ამ მიზნით გამოშვებული აქციები დანიშნულებისამებრ არ იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება; ბ) არაფულადი შესატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ; გ) საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ, მათი ხელახალი განთავსების (გაყიდვის) შემთხვევაში. 1 5 . ამ მუხლით გათვალისწინებული აქციონერის მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის წესები არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიებზე.
2. აქციონერების წილი მოგებაში განისაზღვრება აქციათა რაოდენობისა და კლასის შესაბამისად. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობენ მოგების განაწილებაში შენატანის სიდიდის პროპორციულად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3 1 . აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. 3 2 . აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. 3 3 . ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად) უფლებამოსილი არიან შეიტანონ დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა. 3 4 . თუ ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (კრების ინიციატორები) მიმართავენ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნით და ამ კრების ერთადერთი საკითხი არის დირექტორის (დირექტორების), მათ შორის, იმ დირექტორის, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გადაყენების მოთხოვნა, მაშინ კრება ტარდება ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში არ იქნა მოწვეული რიგგარეშე კრება, მაშინ ამ კრების ჩატარების უფლება აქვთ კრების ინიციატორებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მიმართეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს). ამ შემთხვევაში კრების ინიციატორები საზოგადოების ყველა აქციონერს დაზღვეული წერილით უგზავნიან რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ მოსაწვევს ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, დღის წესრიგის ერთადერთი საკითხის მითითებით. დაუშვებელია დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. ამ შემთხვევაში რიგგარეშე კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს შეუძლიათ ხელახლა მოიწვიონ კრება არა უადრეს პირველი კრების მოწვევიდან 20 დღისა. კრების ინიციატორები ხელახალ რიგგარეშე კრებას მოიწვევენ ამ პუნქტით დადგენილი წესით. ეს კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელიც საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) ავალებს რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში ჩატარებას. 3 5 . ნებისმიერი კლასის აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოების შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ ამ საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებების შესახებ ინფორმაცია ან/და გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ასლები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ
