Статья 53^1. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა
1. აქციონერს უფლება აქვს, ამ მუხლით დადგენილი წესით საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. საზოგადოებამ, რომელიც აპირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ: ა) აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი; ბ) აქციონერმა ეს აქციები შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დაგზავნის შემდეგ.
4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს მისი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შეტყობინების წინა დღეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის გამო ან სხვა მიზეზებით კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. ასეთი წესის გამოყენებისას სამეთვალყურეო საბჭომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში.
7. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება, თუ: ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს; ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს , ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციების გამოსყიდვის შედეგად.
8. თუ გამოსასყიდად შეთავაზებულია იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ისინი გამოსყიდული უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველისაგან პროპორციულ საფუძველზე.
9. საზოგადოებას უფლება აქვს, შეიძინოს საკუთარი განთავსებული აქციები (სახაზინო აქციები) და შემდგომში გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ. სახაზინო აქციების რაოდენობა არც ერთ მომენტში არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25%-ს, თუ წესდებით უფრო მცირე ზღვარი არ არის გათვალისწინებული. ხმის დათვლის, დივიდენდის განაწილების, ლიკვიდაციის დროს და აქციების ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის (შემთხვევებში) საზოგადოების მფლობელობაში არსებული სახაზინო და შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციები მხედველობაში არ მიიღება. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ
