1.თუ სასამართლომ ამ კოდექსის 356 3 მუხლის შესაბამისად ქონება ცნო რეკეტულად ან რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონება ცნო უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.
2.თუ ქონების რეკეტულობა, უკანონობა ან დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ დასტურდება, მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას, კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.
3.თუ რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნება შეუძლებელია, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.
4.რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.






