საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 622^1. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2. შუამდგომლობას სამი თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით.
3. განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მის დამცველს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
4. შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.
