1.ეჭვმიტანილს უფლება აქვს: ა) (ამოღებულია); ა 1 ) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი; ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება; გ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული გათავისუფლებით ამ კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს მოტივირებული დადგენილება; დ 1 ) ჩხრეკის, ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა); ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში; ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი; თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი; ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; კ) გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში – სასამართლოში; ლ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი; მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა უკანონო დაკავების შედეგად; ნ) მიიღოს გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების და მოვალეობების შესახებ.
2.ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89



