1.თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.
2.პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
4.მოქალაქე ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს.
5.პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, კანონში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა დუმილის, დანაშაულის არდაბრალების, ასევე დამცველის მოწვევის უფლების თაობაზე, არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემთხვევაში პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება არ გამოიტანება.
6.ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ შეიძლება დაიკითხოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ უნდა შეამოწმოს ექიმმა და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
7.დაკავების ვადა დაკავების მომენტიდან ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
8.გამომძიებელს, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.
9.დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წარედგინა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89




