საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 81. იძულებითი დაცვა
1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ: ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას; გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი; ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი; ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი; თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).
2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.
