1.გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
2.გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობასა და გადახდის ვადას.
3.შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5.თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის სახეების მიხედვით.
6.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
7.ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული თანხის 10 პროცენტისა.
8.არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 8 1 . საგადასახადო ვალდებულებების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკისრებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე (პერიოდებზე) და გადასახადის (გადასახადების) სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 8 2 . საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე.
9.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად.
10.საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272


