1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას შეაჩეროს კომერციული ბანკის აქციონერებისთვის კაპიტალის განაწილება, აგრეთვე ადმინისტრატორების ანაზღაურების (გარდა რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელებისთვის გადასახდელი ანაზღაურებისა) გაცემა.
2.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების დროებით შეჩერების მოთხოვნით ან/და, ახალი საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, − საქმის განხილვის გადავადების მოთხოვნით. აღნიშნული შეჩერება/გადავადება 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
4.ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ჩერდება ან/და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.
