1.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა.
3.ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე გენერალური აუდიტორის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირთა რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირები ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში შეირჩევიან.
6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.
7.თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად ქვეყნდება.
8.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად.
9.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით.
10.შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
11.თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
13.ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. 13 1 . ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის 13 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 30 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 კვ. მ-ისა; არ არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობისა და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 3 წლის ან 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 2 000 ლარისა. 13 2 . ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის მიუხედავად: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია; მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობისა და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა.
14.საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპის ბრალეული დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.






