Статья 13. სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა
1. სავალდებულო დაზღვევის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (შემდგომ − ელექტრონული ბაზა) აისახება სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა მონაცემი. ელექტრონულ ბაზას ქმნის და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი. ელექტრონული ბაზა გამართულად და შეუფერხებლად უნდა ფუნქციონირებდეს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტრონულ ბაზაში სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ ასახვა.
2. ელექტრონული ბაზა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლისთანავე − უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესახებ მონაცემებს (რაოდენობა, უნიკალური ნომერი); გ) დაზღვევის დაწყების დროის და დასრულების დროის შესახებ მონაცემებს; დ) სადაზღვევო ლიმიტების და მათი ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს; ე) სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ცენტრის მონაწილე მზღვეველებისათვის განაწილების შესახებ მონაცემებს; ვ) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მონაცემებს (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი, მიღებული შეტყობინებები, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე განცხადებები, დაზარალებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების ეტაპი და სტატუსი, ასანაზღაურებელი თანხის განცხადებული ოდენობა); ზ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ მონაცემებს (ოდენობა, გაცემის თარიღი, მიყენებული ზიანის სახეობა); თ) გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიების, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის და დამდგარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვების შესახებ მონაცემებს, როგორც ჯამურად, ისე თითოეული მზღვეველის მიხედვით.
