Статья 209. ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა, რომელიც განთავსებულია უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადმომყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და რომელიც მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოიყენება. მუხლი 210. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების ან სპეციალური კონტეინერის ავზში არსებული საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საპოხი საშუალების შემოტანა 1. ამ მუხლის მე-2−მე-7 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) საწვავი, რომელიც განთავსებულია: ა.ა) კერძო სატრანსპორტო საშუალების ან სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, მოტოციკლის) სტანდარტულ ავზში; ა.ბ) სპეციალური კონტეინერის სტანდარტულ ავზში; ბ) პორტატიულ ავზში განთავსებული საწვავი, რომელიც შემოიტანება კერძო სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, მოტოციკლით), − თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუმეტეს 10 ლიტრი საწვავისა, საწვავის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალება“ არის: ა.ა) ნებისმიერი ძრავიანი საგზაო სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, ტრაქტორი მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე), რომელიც ისეა შექმნილი, რომ, მისი კონსტრუქციის ტიპიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, შეუძლია ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე გადაიყვანოს 9 კაცზე მეტი (მძღოლის ჩათვლით) ან გადაზიდოს საქონელი; ა.ბ) ამ ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნებისმიერი სპეციალური დანიშნულების საგზაო სატრანსპორტო საშუალება; ბ) „კერძო სატრანსპორტო საშუალება“ არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა; გ) „სტანდარტული ავზი“ არის: გ.ა) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის; გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირის ავზი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მასში განთავსებული აირი გამოყენებულ იქნეს საწვავად, ან სატრანსპორტო საშუალების იმ სისტემაზე დამონტაჟებული ავზი, რომლითაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა აღჭურვილი; გ.გ) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა კონტეინერზე და იძლევა შესაძლებლობას ტრანსპორტირებისას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა იმ სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომლითაც სპეციალური კონტეინერია აღჭურვილი; დ) „სპეციალური კონტეინერი“ არის კონტეინერი, რომელზედაც სამაცივრე, ჟანგბადის, თბოიზოლაციის ან სხვა სისტემისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურაა დამონტაჟებული.
