Статья 26. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები
1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია: ა) საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობების მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა, აგრეთვე განმცხადებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობა; ბ) განმცხადებლის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონის არსებობა, რომელიც მიიღება კომერციული მართვის სისტემისა და შესაბამის შემთხვევაში ტრანსპორტირების აღრიცხვის მეშვეობით და რომელიც უზრუნველყოფს სათანადო საბაჟო კონტროლს; გ) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა. ეს კრიტერიუმი შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელს აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს, შეასრულოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები; დ) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტი ან განხორციელებულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაცია; ე) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტი. ეს მოთხოვნა შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელი ადასტურებს, რომ იღებს სათანადო ზომებს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქონლის მთლიანობა და შეღწევადობა, ლოჯისტიკური პროცესები და სპეციფიკური საქონლის დამუშავება, პერსონალი და ბიზნესპარტნიორების იდენტიფიცირება.
