Статья 23. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − არ არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
