Статья 52. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი
1. თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირება შესაძლებელია ნებისმიერ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს: ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერილობას (კატეგორიას), რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა შესაძლებელია განახორციელოს ინვესტიცია; ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილს, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელება; გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერილობას; დ) საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიციას თითოეულ პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით; ე) საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან კონტროლის მაქსიმალურ ნებადართულ კონცენტრაციას; ვ) საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებულ გარიგებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს; ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს.
