1.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.
3.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება.
5.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.
6.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
8.პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
10.პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. [ 11. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება როგორც გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ისე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), აგრეთვე შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.
12.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.
13.თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირისთვის მისი ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში.
14.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

