1.დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული მის მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-, ვიდეოჩაწერის განხორციელების შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანებას გააცნობენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერაზე უარს აცხადებს, კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4.ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.
5.დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება საერთო სარგებლობის საშხაპეში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოსა და ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა. საერთო სარგებლობის საპირფარეშოში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად.
6.სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირთან შეხვედრას, გარდა ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
7.პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შეწყვეტის შესახებ. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად განხორციელება.
9.ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დაფიქსირების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მასალის დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით დაარქივების შესახებ. დაარქივებული მასალა ინახება დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.
10.ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებულ მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული მასალა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან/და მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
11.ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.





