Статья 19. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა
1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. (ამოღებულია - 05.02.2014, №1967) .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
