1.ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.
2.სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.
3.სააღსრულებო ფურცელს პირველ რიგში გასცემს ის ნოტარიუსი (მისი არყოფნისას შემცვლელი, თუ ასეთი დანიშნულია), რომელმაც დაამოწმა აღსრულებას დაქვემდებარებული სანოტარო აქტი.
4.იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი (ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში), სააღსრულებო ფურცელს კრედიტორის არჩევით გასცემს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვს აღსასრულებელი სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს და მონაცემებს მისი გაუქმების (ცვლილების) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ (მაგ., მოცემული სანოტარო აქტის მიხედვით, უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი სხვა ნოტარიუსის მიერ), მისი არსებობის შემთხვევაში.
5.უფლებამოსილ პირებზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა შემდეგი რაოდენობით: ა) თუ კრედიტორი რამდენიმეა და მათ აქვთ სხვადასხვა მოთხოვნა, რომელთა დასაკმაყოფილებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, მაშინ გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი კრედიტორიცაა; ბ) თუ მოვალე რამდენიმეა და ისინი არ არიან სოლიდარული მოვალეები, მაშინ გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი მოვალეცაა; გ) თუ რამდენიმე კრედიტორი სოლიდარული კრედიტორია, ან რამდენიმე მოვალე სოლიდარული მოვალეა, გაიცემა იმდენი სააღსრულებო ფურცელი, რამდენი სოლიდარულად პასუხისმგებელი მხარეცაა; დ) თუ არსებობს სხვადასხვა პერიოდში შესასრულებელი ვალდებულებები, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მხოლოდ ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად. თუ არსებობს ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდელი დაკმაყოფილების საფუძველი, მითითებული სანოტარო აქტში, შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ვადადაუმდგარი მოთხოვნის მიმართაც.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში: ა) თითოეული უფლებამოსილი პირისათვის მიცემული საღსრულებო ფურცელი დგება ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში; ბ) თითოეული უფლებამოსილი პირისათვის მიცემულ სააღსრულებო ფურცელს ეძლევა დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი და დამოუკიდებელი აქტის სახით რეგისტრირდება რეესტრში.
7.აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ან დაზიანების (თუ დაზიანების ხარისხი გამორიცხავს სააღსრულებო ფურცლის გამოყენებას) შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსი, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებლო ფურცლის ასლი გაიცემა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების საფუძველზე და მას ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. კრედიტორმა განცხადებაში უნდა მიუთითოს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც ითხოვს სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარის გაცემას. კრედიტორს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი პასუხის-მგებლობა მოტყუებით სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარის მიღების გამო. განმეორებით გაცე-მულ სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება, რომ იგი გაიცა განმეორებით უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე. კრედიტორი ვალდებულია, დაზიანებული სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნოს უფლებამოსილ ნოტარიუსს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზიანებული სააღსრულებო ფურცელი ინახება აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში. სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და სასამართლოს აღმასრულებლის ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
8.სააღსრულებო ფურცელი სანოტარო აქტის აკინძვის წესების დაცვით უნდა აიკინძოს იმ სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლთან ერთად, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს სანოტარო ბიუროში დაცული სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარზე, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
9.სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს.

