საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: ა) ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხელისუფლების/ მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა; ბ) საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით; გ) საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.
2. ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა მსგავსი ქონება განიხილება მატერიალურ ქონებად. ფული (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების მონეტისა), აგრეთვე, კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი), საქონლად არ განიხილება.
3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით; გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი; დ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ საქონლის საკუთარ მფლობელობაში დატოვება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი; ე) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება, თუ მას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად დარჩენილ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი; ვ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა; ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა; თ) ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
4. უძრავი ნივთის თანამესაკუთრის მიერ თანასაკუთრებაში მისი წილის მიწოდება უძრავი ნივთის მიწოდებად განიხილება.
5. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
6. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
7. საქონლის მიწოდებად არ განიხილება: ა) დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება; ბ) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა; გ) აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ ნაწილით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი