სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 54. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინება გამოიტანება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება და მსჯავრდებულის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს თანხმობას საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულია უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შესახებ, რომლის საფუძველზედაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მისი ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად.
