1.ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას; ბ) სასკოლო კურიკულუმს; გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას. 2 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 2 2 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3.ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით .
4.სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

