„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 12. ბიუჯეტების დაბალანსება
1. ყველა დონის ბიუჯეტის დაბალანსება არის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი პირობა.
2. ხარჯების შემოსავალზე გადამეტება ქმნის ბიუჯეტის დეფიციტს. ბიუჯეტის დეფიციტის წარმოქმნისას პირველ რიგში დაფინანსდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები.
3. ბიუჯეტის დაბალანსებისათვის მტკიცდება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდე.თუ ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხდება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული სიდიდის გადაჭარბება ან მნიშვნელოვნად მცირდება ბიუჯეტის შემოსავლის და დაფინანსების წყაროების, მოცულობა, გამოიყენება ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრის მექანიზმი. ა) სეკვესტრი არის საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური პროპორციული შემცირება ბიუჯეტის ხარჯების ყველა მუხლის მიხედვით დარჩენილი ფინანსური წლის მანძილზე. ბ) სეკვესტრს არ ექვემდებარება ბიუჯეტის ხარჯების დაცული მუხლები. გ) ბიუჯეტის ხარჯების დაცული მუხლების ჩამონათვალის თითოეული საბიუჯეტო დონის მიხედვით განსაზღვრავენ შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები ბიუჯეტის დამტკიცების დროს. დ) დაცული მუხლების გარდა, დამტკიცებული ბიუჯეტებით განსაზღვრული საერთო ხარჯების წლიური მოცულობის 10 პროცენტამდე ოდენობით სეკვესტრის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე - აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრები; საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე _ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო. ე) იმ შემთხვევაში, თუ სეკვესტრის განხორციელებისათვის საჭიროა დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხარჯების მთლიანი მოცულობის 10 პროცენტზე მეტის შემცირება, ამ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად მზადდება წინადადება დამტკიცებულ ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
