„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 8. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი.
2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.
3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.
4. ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული.
