1.მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი წესით და განსაზღვრული პირობებით.
2.შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება.
3.შიდა აუდიტის ფუნქციას ასრულებს შიდა აუდიტორი ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური.
4.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს/თანამშრომელს/შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით.
5.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; ბ) რომელიც ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; გ) რომელიც არის მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის/ადმინისტრატორის ისეთი ახლო ნათესავი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირველი ან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეა, ან რომელსაც მათთან საქმიანი/კომერციული ინტერესები აკავშირებს; დ) რომელსაც არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ე) რომელიც არის ამავე მზღვეველის/სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი/ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი.





