Article 31. სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-4 და 24-ე მუხლების თანახმად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენცია განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებით“, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია: ა) კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, მათი არასწორი გამოყენების, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განსაზღვრული სახსრების არარაციონალური გამოყენების შემთხვევაში მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის ან დადგენილი წესებისა და ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი მათი დაფინანსების დროებითი შეჩერების თაობაზე შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების, ადგილობრივი საფინანსო ორგანოების წინაშე; ბ) კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლინების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატას და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მათი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი.
